სუშისა და როლისთვის შესაფერისი სასმელი შეიძლება, ასეთ ჯგუფებად დავყოთ:
- ალკოჰოლური და უალკოჰოლო;
- თბილი და ცივი;
- ტკბილი და მარილიანი;
ახლა კი დეტალურად:
სუში, როლი და ალკოჰოლური სასმელები
სუში და როლი – იაპონური სამზარეულოს ამ დედოფლებს გამორჩეული ტკბილი, მლაშე და მწარე გემოები აქვს, რასაც მათი ტრადიციული თანამგზავრების – ვასაბის, სოიოს სოუსის და ჯანჯაფილის პიკანტური ნოტები კიდევ უფრო განუმეორებელს ხდის. ჰოდა, სწორედ იმისთვის, რომ ასეთი ორიგინალური გემო არ „გავაფუჭოთ“, აუცილებელია, ალკოჰოლური სასმელი სწორად შევარჩიოთ.
ეს რთული საქმე არ არის, თუმცა ცოდნა სჭირდება, რადგან კითხვაზე – რომელი სასმელი უხდება ყველაზე მეტად სუშის და როლის, ბევრი პასუხი არსებობს.
- საკე
სუშის და როლისთვის მისაყოლებელი ტრადიციული სასმელი იაპონური საკეა. საკე ბრინჯის არაყია,თუმცა იხარშება ლუდივით და ისმება ღვინოსავით. საკე მხოლოდ ბრინჯისგან მზადდება.
თუ არ გაგისინჯავთ, ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ საკე ძალიან მაღალგრადუსიანი სასმელია და თვალებიდან ცეცხლს წამოგაყრევინებთ. სინამდვილეში, ის 15-დან 19 გრადუსამდე ალკოჰოლს შეიცავს და ამით ღვინოს უფრო წააგავს, ვიდრე არაყს.
საკეს ცივ ამინდში შემთბარს სვამენ, ხოლო სიცხეში – ჩაციებულ მდგომარეობაში. ევროპელებს გრილი საკეს სმა მოსწონთ. სუფრაზე საკე პატარა კერამიკული დოქებით მოაქვთ და მინიატურული კერამიკული ფიალებით სვამენ;
- ლუდი
თანამედროვე და წარმატებული კომბინაციაა ლუდი და სუში. ეს ქაფიანი სასმელი ხაზს უსვამს სუშის და როლის განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს. სუშისთან უმჯობესია თეთრი, მსუბუქი ლუდი მიირთვათ. ასეთი წყვილი მეგობრული საღამოებისთვის შესანიშნავი არჩევანია.
- ღვინო
სუშის და როლის გემოს ბევრი სახეობის ღვინო შეფერება.
- ქლიავის ღვინო
ქლიავის ღვინოს იაპონიაში, ჩინეთში და კორეაში ამზადებენ. იმისთვის, რომ ოქროსფერი შეფერილობა მისცენ, თაფლს ამატებენ, ხოლო მწვანე ჩაის დამატებისას ქლიავის ღვინოს მომწვანო ფერი დაკრავს.
- თეთრი ღვინო
გურმანები მაღალ შეფასებას აძლევენ თეთრი ღვინის და სუშის გემოების კომბინაციას. თეთრი ღვინო კიდევ უფრო ხაზს უსვამს ზღვის პროდუქტების გემოებს. თუმცა ყოველი სახეობის კერძისთვის შესაფერისი თეთრი ღვინო უნდა შეარჩიოთ. მაგალითად – კრაბის სუში და სამეფო კრევეტების როლი რეკომენდებულია შარდონესთან ერთად.
- ვარდისფერი ღვინო
ვარდისფერი ღვინო სუშისთვის იდეალური მეწყვილეა. ის სუშის ნებისმიერ სახეობას შეეხამება და კერძის ორიგინალური გემოს შეგრძნებაში დაგეხმარებათ. ვარდისფერი ჯიშებიდან უმჯობესია მშრალი, ვიდრე ნახევრად ტკბილი, რადგან ეს უკანასკნელი დესერტის ღვინოა. იაპონურ კერძებთან მისაყოლებლად მიღებულია ბოჟოლე ვარდისფერი. ეს ფრანგული მშრალი ღვინო გამოირჩევა ხილისა და ყვავილების არომატით. სუფრასთან მოაქვთ 10°C-მდე ჩაციებული.
- წითელი ღვინო
გურმანებმა იციან, რომ წითელი ღვინო ძალიან უხდება ხორცს, მაგრამ რამდენად შეხამება ერთმანეთს წითელი ღვინის და თევზის გემოები? ამბობენ, რომ დიდად არა, რადგან შავი ფერის ყურძენი უფრო მეტ ტანინებს შეიცავს, ამის გამო კი ცოტა ლითონის გემო წაკრავს; მაგრამ ამის მიუხედავად, არსებობს წითელი ღვინის რამდენიმე სახეობა, რომელთა გემო კარგად შეეხემება ცხიმიანი თევზით მომზადებულ სუშის. ეს ღვინოებია პინო ნუარი და კაბერნე სოვინიონი. ისინი განსაკუთრებულად გამოკვეთს კალიფორნია როლის და ფილადელფია როლის გემოებს.
როგორც ხედავთ, კითხვაზე – რომელი ღვინო უხდება სუშის და როლის, ბევრი პასუხი არსებობს. თუმცა ღვინის გარდა, შეგიძლიათ, სხვა სასმელებიც სცადოთ.
უალკოჰოლო სასმელები და სუში
როდესაც სუშის შეკვეთა ოფისში გსურთ ან ალკოჰოლის დალევის ხასიათზე არ ხართ, შეგიძლიათ, სუშისთან ერთად, უალკოჰოლო სასმელი მიირთვათ. მაგალითად:
- ჩაი და სუში
იაპონელები გვთავაზობენ, ტრადიციული იაპონურ კერძებს მწვანე და ბალახეული ჩაი მივაყოლოთ.
მწვანე ჩაი ბევრ ისეთ ფერმენტს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ეს მსუბუქი სასმელი დაგეხმარებათ, უკეთ შეიგრძნოთ ნებისმიერი კერძის გემო. მწვანე ჩაი განსაკუთრებით შეეხამება როლის.
ამისთვის პაკეტის ჩაი არ გამოდგება – ჩაი განსაკუთრებულ წესების დაცვით უნდა დააყენოთ. თუკი თქვენ უბრალო შავი ჩაი გიყვართ, ის უშაქროდ უნდა მიირთვათ, რათა მალაშე და ტკბილი გემოები ერთმანეთში არ აირიოს.
ჩაის ფოთლები უნდა ჩაყაროთ კერამიკის ან ფაიფურის ჭურჭელში, რომელსაც წინასწარ მდუღარე წყალს გამოავლებთ, რათა ჩაის დაყენებისას საჭირო ტემპერატურა შენარჩუნოს. ჩაის ფოთლებს კი ცხელი წყალი უნდა დაასხათ და არა – მდუღარე. ჩაის ფოთლებისთვის პირველ ჯერზე დასხმული წყალი უნდა გადაასხათ და უკვე დამბალ ფოთლებს ხელახლა დაასხათ ცხელი წყალი. დააყენეთ კიდევ 5 წუთი. ამის შემდეგ ჩაის ფოთლები ჭურჭლიდან ამოიღეთ, რათა გემო არ გაამძაფროს. ამ წესებს თუ გაითვალისწინებთ, უგემრიელეს მწვანე ჩაის მიიღებთ, რომელიც ნებისმიერი სუში-სეტისთვის იდეალური იქნება.
- წვენები და სუში
ახალგამოწურული წვენი შესანიშნავად ავსებს სუშის და როლის გემოებს. თავად გასინჯეთ სუში და როლი, მაგალითად, ტომატის, გრეიპფრუტის ან კიტრის წვენთან ერთად.
უალკოჰოლო ლუდი და მინერალური წყალი
ეს სასმელებიც სუშისთვის მისაყოლებლად შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ალკოჰოლს არ სვამს.
რა სასმელი არ შეეხამება სუშის და როლის
- სუშის შემადგენლობა ვერ „მეგობრობს“ სხვადასხვა შეიკებთან, რომლებშიც დიდი რაოდენობით შაქარია. ამ სასმელებმა, ზღვის პროდუქტებთან კომბინაციაში, შეიძლება, საჭმლის მონელების პრობლემაც კი შეგიქმნათ.
- რაღა თქმა უნდა, სუში და როლი რძესთან ერთად არ უნდა მიირთვათ. ამას ალბათ ახსნაც არ სჭირდება!
- ასევე, არ არის მიღებული სუში და როლი ისეთ სასმელებთან კომბინაციაში, როგორიც არის ჭაჭა, კონიაკი, ვისკი. ეს, სულ ცოტა, იაპონური კვების კულტურის არცოდნაზე მიუთითებს.
თქვენ უკვე იცით თუ რა სასმელები უხდება სუშის და როლს, ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ როგორ შევარჩიოთ საუკეთესო სუში