საჭმელი ჩხირები – ეტიკეტი, გამოყენების წესები და აკრძალვები

საჭმელი ჩხირები აღმოსავლეთ აზიის ბევრ ქვეყანაში ყოველდღიური მოხმარების საგანია. მეტსაც გეტყვით – არსებობს სტატისტიკა, რომ დედამიწის მოსახელეობის, დაახლოებით, 30%(!) საჭმელ ჩხირებს იყენებს, ალბათ იმიტომ რომ, გარდა საუკუნოვანი ტრადიციისა, ისინი საკმაოდ მრავალფუნქციურია: ხის ჩხირებით შეიძლება, მიირთვათ ბრინჯი ან ლაფშა, მოურიოთ წვნიანს, აიღოთ სუში ან როლი, ამოიღოთ წვნიანიდან ხორცის ან ბოსტნეულის ნაჭრები, გაარჩიოთ ძვლები და ა.შ.;

საჭმელი ჩხირების გარეშე იაპონური სამზარეულო წარმოუდგენელია, რომელიც, სხვათა შორის, 2013 წლიდან იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია. იმისთვის, რომ ჩხირებით ჭამის წესები შეითვისოთ, გარკვეული დრო დაგჭირდებათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩხირების გამოყენებას შეეჩვევით, მიხვდებით, რამდენად მოხერხებულია მათი დახმარებით ჭამა.

იაპონური საჭმელი ჩხირების სახეობები და სახელწოდებები

ტრადიციულ იაპონურ საჭმელ ჩხირებს ჰასი ეწოდება. სხვათა შორის, ისინი უფრო წვრილი და ბასრია, ვიდრე ჩინური ხის ჩხირები.

ზოგადად, იაპონური ჩხირების უამრავი სახეობა არსებობს და ყველას თავისი დასახელება აქვს. მათ შორის არის:

  • ჩხირების კომპლექტი ცოლ-ქმრისთვის – მეოტობასი;
  • საახალწლოდ ჩხირები – ივაიბასი;
  • მაღალი სამზარეუოს კერძებისთვის – რიქიუბასი;
  • მზარეულის ჩხირები საიბასი, რომელიც კერძის მომზადების პროცესში გამოიყენება;
  • ერთჯერადი ჩხირები ვარიბასი – ამ ჩხირებს გრძივად აქვს ჭრილი იმისთვის, რომ გამოყენების შემდეგ ადვილად გადატყდეს.

იაპონურ ოჯახში საჭმელი ჩხირები მათი ისტორიისა და ლეგენდების გაგრძელებაა. ბავშვებს პატარა ასაკიდანვე – დაახლოებით, 3-4 თვიდან ასწავლიან ჩხირებით ჭამის წესებს. ეს საუკეთესო საშუალებაა ხელის ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის. ბავშვებისთვის არსებობს სპეციალური საბავშვო, პატარა ზომის ჩხირები.

სხვათა შორის, ექიმები ამბობენ, რომ ჩხირებით ჭამა უფროსებისთვისაც საინტერესო სავარჯიშოა, რომელიც თავის ტვინის ნეიროცირკულაციას აუმჯობესებს და მეხსიერებას ეხმარება. გარდა ამისა, როგორც ექიმები განმარტავენ, ჩხირები ასევე ხელს უწყობს მონელების პროცესს და კალორიების კონტროლს.

ჩხირებით ჭამის წესები

იაპონიაშიც კი ნელ-ნელა მცირდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც სწორად იყენებს საჭმელ ჩხირებს. 2010 წელს მთავრობას კვლევაც ჩაუტარებია ჭამის კულტურის შესახებ. სწორედ ამ კვლევის შედეგებით, 18 წლის და მეტი ასაკის იაპონელთა მხოლოდ 54%-მა იცის საჭმელი ჩხირების სწორად დაჭერა.

მოდით, ჩვენც ვცადოთ:

  1. აიღეთ ერთი ჩხირი;  ზედა ნაწილიდან, დაახლოებით, სიგრძის მესამედი გადმოთვალეთ და იმ წერტილში ცერა და საჩვენებელი თითებით დაიჭირეთ, ისე, რომ ჩხირს ქვემოდან შუა თითი ჰქონდეს საყრდენად;
  2. ეორე ჩხირის ზედა (სქელი) ნაწილი ცერა თითის ფუძით დაიჭირეთ, ხოლო წვერს – არათითის ბოლო ფალანგა დააჭირეთ (ფრჩხილის ქვედა მხარე);
  3. მას შემდეგ, რაც ამ ინსტრუქციით ჩხირებს დაიჭერთ, სცადეთ და ჩხირების წვერები რამდენჯერმე დააშორეთ და შეაერთეთ. ამასთან, ჩხირების ზედა, განიერ ნაწილებს შორის მანძილი არ უნდა შეიცვალოს;
  4. ახლა კი სცადეთ, ჩხირებით რამე პატარა საგანი აიღოთ – მაგალითად, არაქისის მარცვალი.

რისგან კეთდება სუშის ჩხირები?

იაპონური ჩხირები კეთდება ხისგან – ბამბუკისგან, კიპარისისგან, ნეკერჩხლისგან, ქლიავის ხისგან. ჩინური საჭმელი ჩხირებისთვის კი ასევე იყენებენ, მაგალითად, ლითონს, სპილოს ძვალს და პლასტმასს.

თუმცა, ბოლო წლებში იაპონიაში, ეკოლოგიაზე ზრუნვით, სუშის ჩხირებისთვის ნარჩენი ხის მასალის გამოყენება დაიწყეს; მეტიც – ბევრი ადამიანი, ვისაც სურს, წვლილი შეიტანოს ბუნების დაცვაში, საკუთარი ჩხირები დააქვს. ამის გათვალისწინებით, ზოგიერთმა მწარმოებელმა დასაკეცი ჩხირების გამოშვება დაიწყო, რომელიც სატარებლად ძალიან მოსახერხებელია.

რისი გაკეთება არ შეიძლება საჭმელი ჩხირებით?

იაპონიაში მოქმედებს რამდენიმე კულტურული აკრძალვა, რომელიც ჩხირებს ეხება:

  • არ შეიძლება, საჭმელი ჩხირები კერძის თავზე ატრიალოთ, სანამ გადაწყვეტთ, რომელი ნაჭერი აიღოთ;
  • თუკი ფიქრობთ, რომ იმ ნაჭრის აღება, რომელსაც თვალი დაადგით, რთული იქნება, მაინც არავითარ შემთხვევაში არ ჩაარჭოთ მასში ჩხირის წვერი, საქმის გასაადვილებლად;
  • არ შეიძლება, რომ თქვენი ჩხირებით სხვას მიაწოდოთ საჭმელი და მან ჩხირებითვე გამოგართვათ – ასე იაპონელები მიცვალებულის კრემაციის შემდეგ იქცევიან, როცა დაკრძალვის პროცესში ერთმანეთს მიცვალებულის ნივთებს აწვდიან;
  • არ შეიძლება ჩხირების ჩარჭობა ბრინჯში – ესეც სამგლოვიარო ტრადიციაა და მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებენ, როცა ბრინჯს, როგორც საკურთხს, მიცვალებულის თავთან დგამენ;

აი, ასეთი წესები და ტრადიციები ახლავს იაპონურ კულტურაში საჭმელი ჩხირების გამოყენება.

უნდა ითქვას, რომ მათი გათვალისწინებაც ღირს და ჩხირებით ჭამაში ცოტა წავარჯიშებაც, რადგან იაპონური სამზარეულოთი სრულად რომ დატკბეთ, აუცილებლად ჩხირებით უნდა მიირთვათ.

იოში სუში კი, როლის და სუშის სეტებთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩხირებსაც აუცილებლად მოგართმევთ.

როგორ ეძებენ ამ გვერდს: sushi | სუში 24 | სუში თბილისში